იაპონიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

(არაოფიციალური თარგმანი)
16.02.2018
 
        
 
ადგილობრივი დროით 15:08 (იაპონიის დროით 23:08), იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში დაახლოებით 30-წუთიანი შეხვედრა გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან. ქვემოთ გთავაზობთ ამ შეხვედრის მიმოხილვას.
  1. იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას კიდევ ერთხელ მიულოცა ტოჩინოშინის გამარჯვება იაპონიის საიმპერატორო თასზე და აღინიშნა, რომ იაპონიაში დიდი გამოხმაურება მოჰყა ამ ფაქტს, რამაც გაზარდა საქართველოს ცნობადობა. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
  2. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ აღნიშნა, რომ საქართველოს სტაბილურობა განუყოფელია მთელი კავკასიის რეგიონისგან და რომ იაპონია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას, რომელიც ასევე იზიარებს ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
  3. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის სექტემბერში ნიუ-იორკში ჩატარებულ სუამი-იაპონიის მინისტერიალზე გამართული დისკუსიები და ასევე სუამი-იაპონიის ფარგლებში „მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის“ თემატიკით გამართული ვორკშოპები ხელს შეუწყობენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და საქართველოს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას.
  4. ამის საპასუხოდ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მისი ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში გასული წლის ივნისში შედეგიანი იყო. მან მაღალი შეფასება მიანიჭა იაპონიის საქართველოსადმი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას და გამოხატა სურვილი უფრო გაძლიერდეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, დაწყებული პოლიტიკური და ეკონომიკური სფეროდან. მან ასევე გამოხატა იმედი, რომ იაპონური კომპანიები ხელს შეუწყობენ საქართველოს განვითარებას. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ აუცილებელია დროულად გაფორმდეს ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმება, რომლის მოლაპარაკებებიც ამჟამად მიმდინარეობს.
  5. ამის გარდა, მხარეებმა გაცვალეს აზრები სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა ჩრდილოეთ კორეაში მდგომარეობასთან დაკავშირებით და გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მიმოიხილა მდგომარეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.