ქართული | English | 日本語
სამება


იაპონიის ფონდის მოგზაური გამოფენა


~თანამედროვე იაპონური ნაკეთობები~



29.05-23.06, 2013


10:00-17:30 (სამშ.-პარ.)

10:00-17:00 (შაბ.-კვირა)


თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)

მისამართი: სიონის ქ. 8



* * * * * * * *


● თანამედროვე იაპონური ნაკეთობები


იაპონურ ნაკეთობებს დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი რამდენიმე საუკუნეს ითვლის და სხვადასხვაგვარი ჩინური თუ კორეული გავლენით ხასიათდება. დროთა განმავლობაში ეს გავლენები შეერწყა იაპონურ კულტურას და შეიქმნა ნამუშევრები, რომლებიც იაპონური ხელოვნების თავისებურებებს განასახიერებენ. თანამედროვე ეპოქაში, დასავლური სოციალური სისტემებისა და კულტურის სწრაფად შემოსვლის მიუხედავად, იაპონიამ მოახერხა ამ სფეროში ტრადიციული ფორმებისა თუ დეკორატიული ორნამენტების შენარჩუნება. მეტიც, გაჩნდნენ ოსტატები, რომლებიც ცდილობდნენ ნამუშევრებში გადმოეცათ საკუთარი ხასიათი.



თითოეული მათგანი ეძებს საყრდენ წერტილს, რათა შეძლოს თავისი შემოქმედები ჩანაფიქრის განხორციელება. ზოგი თავიანთ ნამუშევრებში ნამუშევრების ტრადიციულ ხედვას ეყრდნობა, ზოგი კი ისეთ ევროპულ თუ ამერიკულ შემოქმედებით იდეებს იზიარებს, როგორიცაა არტ-დეკო და კონსტრუქტივიზმი. ოსტატთა ერთი წყება ცდილობს, თავისი ნამუშევარი ყოველღდიური ცხოვრების ნაწილად აქციოს და ამიტომაც უსვამს ხაზს მის პრაქტიკულ დანიშნულებას, თუმცა ხელოვნების ნიმუშის თვისებებსაც უნარჩუნებს. ავანგარდისტები ახალი შემოქმედებითი კონცეფციების გამოხატვას ესწრაფვიან, სხვანი კი თავად მასალების როლისა და მნიშვნელობის გადასინჯვას ცდილობენ.



რაკი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონელთა ფასეულობები უფრო მრავალფეროვანი გახდა, იაპონური ხალხური შემოქმედებაც უფრო კომპლექსურად განვითარდა მრავალი სხვადასხვა მიმართულებით. იმდენად, რომ შეუძლებელი ხდება დადგინდეს, თუ რა არის იაპონურ ნაკეთობათა მთავარი მახასიათებელი და საზოგადო ატრიბუტიკა. იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ხალხური შემოქმედება საკმაოდ დანაწევრებულია, შეიძლება გამოიყოს რამდენიმე დამახასიათებელი თემა, რაც განაპირობებს თანამედროვე იაპონური ხელნაკეთი ნივთების საერთო თავისებურებებს.



იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს იაპონიის ხალხური შემოქმედების სხვადასხვა ნიმუშების აღქმას, ეს გამოფენა თანამედროვე იაპონური ხელნაკეთი ნივთების რამდენიმე დამახასიათებელ თავისებურებას გამოჰყოფს. ექსპოზიციაში ნამუშევრები დალაგებულია მასალის (მაგალითად, კერამიკა, შეღებილი ქსოვილები, ლაქით დაფარული ნამუშევრები), ისტორიული პერიოდისა და ხელოვანთა ჯგუფების მიხედვით. იმისთვის, რომ გაადვილდეს თანამედროვე იაპონურ ხელით ნაკეთობათა გაგება და შეფასება, განისაზღვრა რამდენიმე საერთო ნიშან-თვისება, რის მიხედვითაც დახარისხდა და დალაგდა ნამუშევრები ექსპოზიციაში.


შირაიში მასამი (გამოფენის კურატორი/ იამანაშის პრეფექტურის ხელოვნების მუზუმის დირექტორი)



* * * * * * * *