(არაოფიციალური თარგმანი)
დიდი შვიდიანის (G7) ლიდერების განცხადება უკრაინის შესახებ
12 მარტი, 2014
ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების ლიდერები და ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ყირიმის სტატუსის უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით შეცვლის ყველა მცდელობა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყირიმის სტატუსის განსასაზღვრი რეფერენდუმის მხარდაჭერა, რომელიც არღვევს უკრაინის კონსტიტუციას.
ნებისმიერ მსგავს რეფერენდუმს არ ექნება სამართლებრივი ძალა. ადეკვატური მომზადების არარსებობისა და რეგიონში რუსული დამაშინებელი ჯარების განთავსების გათვალისწინებით, ეს რეფერენდუმი იქნება უაღრესად ნაკლოვანი პროცესი, რომელსაც არ ექნება არავითარი მორალური ძალა. ამ მიზეზთა გამო, ჩვენ არ ვაღიარებთ მის შედეგს.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია იქნება აშკარა დარღვევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის; რუსეთის მიერ ჰელსინკის საბოლოო დადგენილებისთვის გამოცხადებული მხარდაჭერის; უკრაინასთან 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების; რუსეთ-უკრაინის 1997 წლის საბაზისო ხელშეკრულების და 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით აღიარებული პრინციპების. ყირიმის ანექსიას, გარდა უკრაინის ერთიანობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე მოხდენილი ზეგავლენისა, ასევე შეიძლება მოჰყვეს საბედისწერო გართულებები იმ სამართლებრივი წესრიგისთვის, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ერთიანობასა და სუვერენიტეტს. იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ფედერაცია მაინც გადადგამს მსგავს ნაბიჯს, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს - ერთად და ცალ-ცალკე.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ მოახდინოს ყირიმში და უკრაინის სხვა რეგიონებში კონფლიქტის დეესკალაცია, დაუბრუნოს ჯარები კრიზისამდელ რაოდენობას და გარნიზონებს, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასთან და ისარგებლოს საერთაშორისო შუამდგომლობისა და დამკვირვებლების შემოთავაზებით, რათა ამ გზით შეძლოს მისი ნებისმიერი ლეგიტიმური შეშფოთების გაქარწყლება. ჩვენ, დიდი შვიდიანის ლიდერები, ვუბიძგებთ რუსეთს შემოუერთდეს ჩვენს ერთიან დიპლომატიურ პროცესს, რათა გადავწყვიტოთ მიმდინარე კრიზისი და მხარი დავუჭიროთ წინსვლას დამოუკიდებელი, ინკლუზიური და ერთიანი უკრაინისთვის. ჩვენ ასევე შევახსენებთ რუსეთის ფედერაციას ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ შევაჩეროთ სოჭში დაგეგმილი დიდი რვიანის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა მანამ, სანამ რუსეთი არ შეიცვლის კურსს და სამუშაო გარემო არ დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რომელშიც დიდი რვიანი შეძლებს აზრიანი დისკუსიების გამართვას.
* * * * * * * *