ელჩის მისასალმებელი სიტყვა
მისი აღმატებულება ბატონი ტოშიო კაიტანი
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
მოგესალმებით, საქართველოში იაპონიის საელჩოს ვებ-გვერდზე. დიდი მადლობა ვიზიტისათვის.
უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგახსენოთ, რომ 2015 წლის 22 აპრილს, იაპონიამ შეცვალა საქართველოს ოფიციალური დასახელება იაპონურ ენაში "Gurujia" "Jojia"-თი (Georgia). ამ ახალი იმპულსით, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დამატებითი ძალისხმევით გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და იაპონიას შორის 1992 წელს ჩამოყალიბდა. 2009 წელს კი გაიხსნა იაპონიის საელჩო საქართველოში. მოხარული ვარ, რომ 2013 წლის ივნისში დავინიშნე საქართველოში იაპონიის მეორე ელჩის პოსტზე.
საქართველოს დიდი და მდიდარი ისტორია აქვს, შესანიშნავი მიწითა და ბუნებით. ხალხი კი სახელგანთქმულია სტუმრების თბილი გულით დახვედრით, როგორც საქართველოში ამას "სტუმართმოყვარეობას" უწოდებენ, იაპონიაში კი "ომოტენაშის".
ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს განვითარებამ პოლიტიკის, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წარმატებით ჩატარებას, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში დემოკრატია სტაბილურად ვითარდება.
იაპონია და საქართველო იზიარებენ უნივერსალურ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა და საბაზრო ეკონომიკა. ორივე ქვეყანას შორის არის ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა. მაგალითისათვის, საქართველოდან იაპონიაში 2013 წელს საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ ფანჯიკიძისა და 2014 წელს საქართველოს პრეზიდენტ ბატონი გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი, რომელიც შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბატონ აბეს და გააკეთეს ერთობლივი განცხადება. აგრეთვე აღსანიშნავია ვიზიტები იაპონიიდან საქართველოში; იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალური დესპანის ბატონი მაკინოს (საპარლამენტო საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი) ვიზიტი 2013 წელს, იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ბატონი აისავას (საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ლიგის პრეზიდენტი) ვიზიტი 2014 წელს და იაპონური მისიების ვიზიტი 2014 წელს ბატონი ნიშიოკას (იაპონიის სავაჭრო ასოციაციის პრეზიდენტი) და ქალბატონ იანაგისავას (იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს გენერალური მდივანი) ხელმძღვანელობით.
ჩვენი საელჩო დიდი ძალისხმევით მუშაობს, რათა კიდევ უფრო დააახლოვოს ჩვენი ქვეყნები. ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა: ფინანსური რესურსების გამოყოფა, აღმოსავლეთ-დასავლეთ გზატკეცილის ასაშენებლად და საგრანტო დახმარებებს გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტებისათვის. ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს ტრადიციული და თანამედროვე იაპონური კულტურის, ხელოვნების, მუსიკის, ფილმების და ა.შ. პოპულარიზაციას. ჩვენი საელჩო მხარს უჭერს ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ისწავლონ იაპონიაში.
ჩვენ იმავე ძალისხმევით გავაგრძელებთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებას.