ელჩი იშიძუკას ვიზიტი ბორჯომში
7 მაისს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, ბორჯომში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ სემინარზე, ელჩმა იაპონიის საგარეო პოლიტიკისა და იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შესახებ შემდეგ ძირითად პუნქტებზე გაამახვილა ყურადღება:
・ომის შემდგომი იაპონიის ეკონომიკური განვითარება განუყოფელია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თავისუფალი და ღია საერთაშორისო წესრიგის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და სტაბილური იაპონია-აშშ-ის ალიანსისგან. ეს ელემენტები წარმოადგენს იაპონიის ამჟამინდელი „თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის“ (FOIP) სტრატეგიის საფუძველს.
・იაპონიის მთავრობა თავისი პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპად ინარჩუნებს პასიურ თავდაცვის სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია ექსკლუზიურად თავდაცვაზე. კოლექტიური თავდაცვის უფლებასთან დაკავშირებით, რომელიც აღიარებულია გაეროს წესდებით, იაპონიამ შიდა კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრა ის სიტუაციები, რომლებშიც შესაძლებელია ამ უფლების გამოყენება. მეორე მხრივ, უცვლელია იაპონიის პოზიცია საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების დაცვისა და კანონის უზენაესობაზე დამყარებული თავისუფალი და ღია საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებისა და გაძლიერების მიმართ.
・საერთაშორისო საზოგადოება დგას ისეთი ეპოქის წინაშე, როდესაც თანამშრომლობა საჭიროა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. იაპონია ეწინააღმდეგება და ემიჯნება ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სტატუს-კვოს ცალმხრივ შეცვლას ძალის გამოყენებით ან იძულებით. იაპონია გაატარებს დიპლომატიას, რომელიც მსოფლიოს დაყოფისა და დაპირისპირების ნაცვლად ჰარმონიისა და თანამშრომლობისკენ წაიყვანს, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით შეინარჩუნებს და გააძლიერებს საერთაშორისო წესრიგს ისეთ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. გარდა ამისა, როგორც თავისუფალი ვაჭრობის პიონერი მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის ფარგლებში, იაპონია ხელს უწყობს წესებზე დაფუძნებულ თავისუფალ და სამართლიან ეკონომიკურ წესრიგს. ამავდროულად, იაპონია თანამშრომლობს განვითარებად ქვეყნებთან ადამიანის უსაფრთხოების პრინციპზე დაყრდნობით და მუშაობს გლობალური პრობლემების გადაჭრაზე, მათ შორის მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაზე, შესაძლებლობების განვითარებისა და მიწოდების ჯაჭვების მშენებლობის გზით.
・ამასთანავე, იაპონია და ევროკავშირი სტრატეგიული პარტნიორები არიან კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მშენებლობაში, რასაც მოწმობს მათ შორის გაფორმებული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება (EPA) და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება (SPA). გარდა ამისა, იაპონია არის ნატო-ს გლობალური პარტნიორი და ორივე მხარე იზიარებს მოსაზრებას, რომ ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონების უსაფრთხოება განუყოფელია.
・იაპონია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თანმიმდევრულად უწევს დახმარებას ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. ელჩს მიაჩნია, რომ საქართველო არის იაპონიის მნიშვნელოვანი პარტნიორი კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში.
