ელჩმა იშიძუკამ ღონისძიებაზე ''კალიგრაფია და იკებანა ღვინის სამშობლოში'' ლექცია წაიკითხა
21 სექტემბერს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, სასტუმრო თბილისი მარიოტში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით ''კალიგრაფია და იკებანა ღვინის სამშობლოში'' ლექცია წაიკითხა.
ღონისძიება გაიმართა ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით.
პროგრამამ გააერთიანა ქართული კალიგრაფიის ტრადიციული ხელოვნება და იაპონური იკებანა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ქალბატონი ტანიგუჩი ჩიეკო, სოგეცუ იკებანას ოსტატი (I ხარისხის მასწავლებლის დიპლომი ''რიჯი'') იაპონიიდან, რომელმაც ქართულ ქვევრში ვაზის, ზეთისხილის ხისა და ყვავილების გამოყენებით ააწყო იკებანა. აღნიშნული უნიკალური წყობის მეშვეობით მოხდა ქართული კულტურისა და იაპონური ხელოვნების ერთმანეთთან დაკავშირება.
ლექციის ფარგლებში, ელჩმა იშიძუკამ ისაუბრა იკებანას წარმოშობაზე და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. მან ასევე ისაუბრა იკებანას მნიშვნელობასა და იმ წვლილზე, რომელიც ტრადიციულ ხელოვნებას შეაქვს ორ ქვეყანას შორის კავშირის გაძლიერების კუთხით.

