ელჩი იშიძუკა მისასალმებელი სიტყვით წარსდგა მეფისქალაქში გამართულ იაპონია-საქართველოს მეგობრობის საღამოზე

2026/10/13
8 ოქტომბერს, იაპონიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბატონი იშიძუკა ჰიდეკი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე შატო მეფისქალაქში მისასალმებელი სიტყვით წარსდგა. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა შატო მეფისქალაქის ორგანიზებით, საქართველოში იაპონიის საელჩოს, კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და აკა სტუდიოს მხარდაჭერით. ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და კულტურული გაცვლის აღსანიშნავად ღონისძიებას დაესწრო 200 სტუმარი.
 
მისასალმებელ სიტყვაში, ბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იაპონიასა და საქართველოს შორის არსებული გეოგრაფიული დაშორებისა, მათ აკავშირებთ უხვი კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციის პატივისცემა და ხელოვნების დაფასება. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების გავლით, ხელოვნებასა და მუსიკას აქვთ შესაძლებლობა, რომ გასცდნენ საზღვრებს და ადამიანები ერთმანეთთან დააახლოვონ.
 
პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო იაპონელი ხელოვანის, ბატონი იჩირო კიკუტასა და ქართველი ხელოვანის, ბატონი მერაბ სურვილაძის ნამუშევრები. საღამოს აღსანიშნავი ნაწილი იყო იაპონელი პიანისტის, მაესტრო ტოშიკი უსუის მუსიკალური გამოსვლა. მან ღონისძიებაზე ქართველი კომპოზიტორის, ბატონი ვაჟა აზარაშვილისა და სხვა კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა. ღონისძიების გახსნამდე, სუშის მომზადების დემონსტრაცია და საკეს დეგუსტაცია, ასევე სიმბოლური საკურას ხის დარგვის ცერემონია ჩატარდა.
 
დასასრულს, ბატონმა ელჩმა გამოხატა იმედი, რომ აღნიშნული საღამო ხელს შეუწყობს იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გამყარებას, ურთიერთგაგებასა და ხანგრძლივ მეგობრობას, და მადლობა გადაუხადა ყველა სტუმარს მობრძანებისთვის.