პროფესორ მაიკო იჩიჰარას საჯარო ლექცია: „გლობალური მმართველობის ცვლადი ლანდშაფტი და საშუალო ძალის სახელმწიფოების როლი“ (4 ნოემბერი)
4 ნოემბერს საქართველოში იაპონიის საელჩო უმასპინძლებს ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საჯარო პოლიტიკის სკოლის პროფესორის, ქალბატონ მაიკო იჩიჰარას სპეციალურ ლექციას, სათაურით: „გლობალური მმართველობის ცვლადი ლანდშაფტი და საშუალო ძალის სახელმწიფოების როლი“.
პროფესორი იჩიჰარა არის აღიარებული ექსპერტი, რომელიც სპეციალიზდება საერთაშორისო ურთიერთობების, იაპონიის საგარეო პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა/დემოკრატიის მხარდაჭერისა და კოგნიტური უსაფრთხოების მიმართულებით. იგი ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს, ხოლო წარსულში, მოწვეულ მკვლევრად მუშაობდა სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრსა (CDDRL) და კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში.
ამ ლექციაზე პროფესორი იჩიჰარა მრავალი პერსპექტივიდან განიხილავს, თუ როგორ შეუძლიათ „საშუალო ძალის სახელმწიფოებს“ (ე.წ middle powers) ითამაშონ როლი გლობალური მმართველობის გამოცოცხლებასა და რეკონსტრუქციაში მაშინ, როდესაც ბოლო წლებში საერთაშორისო საზოგადოებაში მრავალმხრივი თანამშრომლობის სისტემა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. ამასთანავე, იგი ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისო ურთიერთობების ცვლად დინამიკაზე, ნორმების ირგვლივ არსებულ ბრძოლასა და არასახელმწიფო აქტორების როლზე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია სტუდენტებში, მკვლევარებსა და ფართო საზოგადოებაში აღმოსავლეთ აზიის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე იაპონიასა და საქართველოს შორის აკადემიური და კულტურული ცვლის შემდგომი გაღრმავება. მოხარული ვიქნებით, თუ შემოგვიერთდებით.
*პროფესორ იჩიჰარას ლექციასთან დაკავშირებული კითხვებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მისამართზე:
jaba.meskhishvili@iliauni.edu.ge
