პროფესორ მაიკო იჩიჰარას საჯარო ლექცია თემაზე „გლობალური მმართველობის ცვალებადი ლანდშაფტი და საშუალო ძალის სახელმწიფოების როლი“
4 ნოემბერს საქართველოში იაპონიის საელჩომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საჯარო პოლიტიკის სკოლის პროფესორის, მაიკო იჩიჰარას საჯარო ლექციას უმასპინძლა, თემაზე: „გლობალური მმართველობის ცვალებადი ლანდშაფტი და საშუალო ძალის სახელმწიფოების როლი“.
პროფესორი იჩიჰარა საერთაშორისო ურთიერთობების, იაპონიის საგარეო პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა/დემოკრატიის დიპლომატიისა და კოგნიტური უსაფრთხოების აღიარებული ექსპერტია. მან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოიპოვა, ასევე მოწვეული მკვლევარის სტატუსით მოღვაწეობდა სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრსა და კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება იშიძუკა ჰიდეკი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, პროფესორი გიორგი გვალია, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მკვლევარები, სტუდენტების ფართო აუდიტორია და სხვა სტუმრები.
ლექციის მსვლელობისას პროფესორმა იჩიჰარამ განიხილა საერთაშორისო ურთიერთობებში „თამაშის წესების“ ცვლილება, გლობალური ნორმების გარშემო არსებული ბრძოლა და არასახელმწიფო აქტორების როლი. ამ ფონზე მან განიხილა ის მნიშვნელობა, რაც საშუალო ძალის სახელმწიფოებს შეუძლიათ ჰქონდეთ გლობალური მმართველობის გაცოცხლებასა და რეკონსტრუირებაში. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ინტერაქციული კითხვა-პასუხის სესია, სადაც სტუდენტებმა და დამსწრე საზოგადოებამ დასვეს შეკითხვები გლობალური მმართველობის მომავლის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საშუალო ძალის სახელმწიფოების სტრატეგიული პოზიციონირების შესახებ.


