ელჩის მისასალმებელი სიტყვა
მისი აღმატებულება ბატონი იმამურა აკირა, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
მოგესალმებით იაპონიის საელჩოს ვებ-გვერდზე!
ჩემი სახელია იმამურა აკირა და მე ვარ საქართველოში იაპონიის ელჩი. საქართველოში ჩამოვედი 2020 წლის 6 დეკემბერს.
საქართველოში ელჩად წარდგენამდე, საქართველოს პირველად ვესტუმრე 1999 წელს. მას შემდეგ, დიდი სურვილი გამიჩნდა დავბრუნებულიყავი კავკასიის მთების ამ ულამაზეს სახელმწიფოში, რომელიც გამორჩეულია უნიკალური კულტურითა და ცივილიზაციების გადაკვეთის შუაგულში მდებარეობით. ჩემთვის დიდი პატივია, გავხდე მონაწილე იმ ახალგაზრდა სახელმწიფოს განვითარებისა, რომელმაც 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მრავალი გამოწვევა გადალახა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.
საქართველოდ დამოუკიდებლობის მოპოვებიდანვე, იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა სფეროში; მათ შორის, ოფიციალური განვითარების მხარდაჭერით (ODA). მაგალითად, ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთ კორიდორს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხელშეწყობით. გარდა ამისა, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, გამოვყოფთ ტექნიკური მხარდაჭერის პროექტებს; ამასთან, ჩვენ ვზრუნავთ საქართველოს რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე, მათ შორის ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის განხორციელებით. ამ პროექტებმა უკვე მოუტანეს სარგებელი რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს და ჩვენ სურვილი გვაქვს კვლავაც გავაგრძელოთ მსგავსი მხარდაჭერა.
აღსანიშნავია საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება: ჩვენ ვართ მომსწრენი, თუ რამდენად მზარდია იაპონური ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ. 2020 წლის დასაწყისში, იაპონურმა კომპანიამ - TEPCO-მ განახორციელა ინვესტიცია ჰიდროელექტროსადგურის წილის შეძენით. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, რადგანაც ის ასახავს 2050 წლისთვის დეკარბონიზაციის ხედვას, რომელიც მიზნად დაისახა პრემიერ მინისტრმა - სუგა იოშიჰიდემ, 2020 წლის ოქტომბერს. თავისი მხრიდან, იაპონიის მთავრობა ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარებას, მათ შორის, საქართველოსთან საინვესტიციო და საგადასახადო შეთანხმებებზე შეთანხმების მიღწევით.
გარდა ამისა, ქართული კულტურა სარგებლობს მზარდი ცნობადობით იაპონიაში. ქართველი სუმოისტები აქტიურად ასპარეზობენ იაპონურ ტრადიციულ სპორტში და ქართული სამზარეულო - მათ შორის, შქმერული და ღვინო - UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, მზარდი მოწონებით სარგებლობს იაპონელებს შორის. საქართველო არის მეგობრულად განწყობილი სახელმწიფო იაპონიის მიმართ და იაპონური ენითა და კულტურით დაინტერესებული ქართველების რაოდენობა ასევე მზარდია. ჩემი მხრიდან, ძალას არ დავიშურებ, რომ გავაძლიერო ქართულ-იაპონური თანამშრომლობა, რადგანაც ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს: მათ შორის, იაპონური „ომოტენაში“ - ქართული „სტუმართმასპინძლობის“ ტრადიციის მსგავსია.
ბოლო პერიოდში, იაპონელი ტურისტებისა და გრძელვადიანი მაცხოვრებლების რაოდენობა საქართველოში ასევე იზრდება. იაპონელი მოქალაქეების კეთილდღეობა საქართველოში ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. კოვიდის გავრცელებასთან ერთად, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მოქალაქეებისათვის მხარდაჭერის აღმოჩენას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან და ვაწვდით აღჭურვას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მედეგობის ზრდას.
2022 წელს აღვნიშნავთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელს. ამ მნიშვნელოვანი თარიღის მოახლოებასთან ერთად, თქვენი მხარდაჭერითა და თანამშრომლობით, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას.
მინდა საუკეთესო სურვილებით დავასრულო ჩემი სიტყვა და გისურვოთ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა!
იაპონიიის ელჩის იმამურა აკირას საახალწლო მილოცვა (იანვარი, 2021)