სარეაბილიტაციო ცენტრი მესტიაში

2019/9/5
ელჩი უეჰარა: „იაპონელი ხალხისა და სახელმწიფოს სახელით, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გამოვხატოთ ჩვენი მეგობრობა და პატივისცემა ამ ულამაზესი რეგიონისა და მისი ხალხის მიმართ. ვუერთდებით საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას, საქართველოს მთიანი რეგიონების გაძლიერების შესახებ და შემოგვაქვს ჩვენი წვლილიც ამ მნიშვნელოვან საქმეში. ოჯახები ემიგრირებენ და უწევთ წინაპრების სახლების დატოვება, როდესაც მათი შვილებისთვის არ აქვთ ხელმისაწვდომობა ძირითად საჭიროებებზე – როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა საქართველოს მთიან რეგიონებში – და მათ შორის, სვანეთში. ჩვენ გვმართებს უდიდესი პატივისცემა მათ მიმართ, ვინც, უამრავი სირთულის მიუხედავად, მამაცურად რჩება სვანეთში და იცავს ამ უნიკალურ განძს – სვანეთის მატერიალურ და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც UNESCO-ს მიერ არის აღიარებული – მათ შორის სვანური კოშკები; მაგრამ რაც ყველაზე მთავარია – ხალხი, რადგანაც სწორედ ისინი არიან სვანეთის უნიკალური ფოლკლორის, ჩვეულებებისა და ტრადიციების მატარებლები. რეგიონის პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდა მესტიაში უბრალო იაპონელი ხალხის დაფინანსებით და ემსახურება მოსახლეობისთვის საკვანძო სერვისების მიწოდებას.“ 2019 წლის 3 სექტემბერს, მესტიაში გაიხსნა სამეგრელო–ზემო სვანეთის პირველი კომპლექსური სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ პირებისათვის, იაპონიის მთავრობის დაფინანსებით და მესტიის მერის – კაპიტონ ჟორჟოლიანის მხარდაჭერით. პროექტი განახორციელა ორგანიზაციამ – „ერთად რეალური ცვლილებებისათვის.“