ტოკუგავა და სხვა ოსტატები

2018/10/11
ღონისძიებების განრიგი
 
23 ოქტომბერი
 14:00   ტოკუგავა ნარიმასას საჯარო ლექცია
საქართველოს ეროვნული მუზეუმი (შოთა რუსთაველის გამზირი 3/10)
 
16:00   საკაიდა კაკიემონის საჯარო ლექცია
საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (შალვა დადიანის ქუჩა 28)
 
24 ოქტომბერი
12:00    ჩაის ცერემონია (ნაოკო მაცუდაირა)
კალიგრაფიის ჩვენება - კოშიუ (აკემი ლუკას)
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი (ბოტანიკურის ქ. 1)
 
14:00  ტოკუგავა ნარიმასას საჯარო ლექცია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  I კორპუსი, 115-ე აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზირი 1)
 
14:00  შეხვედრა საკაიდა კაკიემონთან & ჩაის ცერემონია (ნაოკო მაცუდაირა)
საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (შალვა დადიანის ქუჩა 28)
 
25 ოქტომბერი
16:00 კალიგრაფიის ჩვენება - კოშიუ (აკემი ლუკას)
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ალექსიძის ქ, N1/3)
 
*** ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია ***



 
ნარიმასა ტოკუგავას პროფილი
ტოკუგავა ნარიმასა (დაიბადა 1958 წელს) არის ტოკუგავა-შოგუნატის ოჯახის, მიტოს შტოს მე-15 თავკაცი. იგი ამჟამად „ტოკიო მარინი“ და „ნიჩიდო ფაიერის“ სადაზღვევო კომპანიის („ტოკიო მარინ“) აღმასრულებელი მრჩეველია, არის აგრეთვე საზოგადო ინტერესეთა ფონდ ტოკუგავას მუზეუმის პრეზიდენტი ქალაქ მიტოში, საიდანაც იყო წარმოშობით უკანასკნელი შოგუნი. ამასთან ერთად იგი არის ტოკუგავას მემორიალური ფონდის საბჭოს წევრი, ტოკუგავას რეიმეიკაის ფონდის დირექტორი, სანტოკუანის (დაინიჰონის ჩაის ცერემონიების საზოგადოება) დირექტორი, იამაშინას ორნითოლოგიის ინსტიტუტის საბჭოს წევრი, რომელიც თავმჯდომარეა მისი საიმპერატორო უდიდებულესობა პრინცი აკიშინო, და არის აგრეთვე დირექტორი საერთაშორისო განათლების ცენტრისა, რომლის თავმჯდომარე მისი საიმპერატორო უდიდებულესობა პრინცესა ტაკადომო გახლავთ. მისმა ბაბუამ, ტოკუგავა კუნიუორიმ, დიდი წვლილი შეიტანა იაპონიის, როგორც თანამედროვე ქვეყნის აღმშენებლობაში. აგრეთვე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, როგორც იაპონიის ლორდთა პალატის და იაპონიის წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა. მისი ბებია არის უკანასკნელი შოგუნის, პრინც ტოკუგავა იოშინობუს  მეთერთმეტე ქალიშვილი.
1980 წელს, კეიოს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ნარიმასა ტოკუგავა შეუერთდა „ტოკიო მარინს“ და აქტიურალდ ჩაერთო კომპანიის საქმიანობაში, როგორც კორპორატიული დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მთავარ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და „ტოკიო მარინ“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.
ტოკუგავას შოგუნატობის პერიოდი ანუ ე. წ. „ედოს ერთ“ (ედო–ტოკიოს ძველი სახელწოდება) 265 წელს გაგრძელდა მეიჯის რევოლუციამდე, როდესაც 1868 წელს გაუქმდა შოგუნატის ფეოდალური წყობილება. ამ დროს როდესაც იაპონია სხვა დანარჩენ გარე სამყაროს გაემიჯნა „იზოლირების პოლიტიკის“ წყალობით,  იაპონიაზე ძლიერი ზეგავლენა იქონია მეზობელი ჩინეთისა და კორეის კულტურებმა, რომელთა შეთვისების შედეგადაც ჩამოყალიბდა თავისთავადი და განუმეორებელი კულტურა, რომელიც იმპერატორებსა და შოგუნებზე იყო კონცენტრირებული. ამ მშვიდობიან პერიოდში, უცხო ქვეყნებისგან „იზოლაციის პოლიტიკის“ წყალობით იაპონია დამოუკიდებლად ვითარდებოდა იმპერატორთა და ტოკუგავას შოგუნატის მმართველობის ქვეშ.
თუმცა ედოს პერიოდში სხვა ქვეყნებთან ომი არ ყოფილა, „იზოლაციის პოლიტიკის“ დასასრულს დასავლურმა ძალებმა პოლიტიკური წყობილების შეცვლა მოინდომეს, რასაც  სამოქალაქო ომი მოჰყვა. ედოს პერიოდის ბოლოს დაპირისპირებულ ძალებს მხარს უჭერდნენ აქეთ საფრანგეთი და იქით – ბრიტანეთი. საბოლოოდ,  შოგუნმა, ტოკუგავა იოშინობუმ, მიიღო გადაწყვეტილება, მშვიდობიანად დაეთმო ძალაუფლება იმპერატორ მეიჯის სასარგებლოდ. მისმა ბრძნულმა გადაწყვეტილებამ იაპონია იხსნა უფრო სერიოზული სამხედრო კონფლიქტისა და უცხო ძალების მიერ კოლონიალიზაციისაგან.


საკაიდა კაკიემონის პროფილი
საკაიდა კაკიემონი დაიბადა 1968 წელს კუნძულ კიუშუს დასავლეთ ნაწილში მდებარე საგას პრეფექტურაში, სადაც XVI საუკუნიდან მზადდებოდა სახელგანთქმული ფაიფური „არიტაიაკი“. 1994 წელს კაკიემონმა იაპონური ფერწერის შესწავლა დაიწყო ტამას ხელოვნების უნივერსიტეტში და გარდა ამისა, დაემოწაფა მამამისს – საკაიდა კაკიემონს, რომელიც ოჯახის XIV თავკაცი იყო. თავისი კარიერის მანძილზე მან უძველესი მეთოდების გამოყენებით შექმნა მრავალი გამორჩეული ნამუშევარი, რომელთაც ჯილდოები აქვთ მოპოვებული იაპონიის ტრადიციული რეწვის გამოფენებზე. იმავე 1994 წელს მან საგვარეულო სახელი „კაკიემონი“ აიღო.
ამჟამად საკაიდა კაკიემონი არის იაპონური ტრადიციული რეწვის ასოციაციის დასავლეთის  ფილიალის მდივანი, საგას პრეფექტურის რეწვის ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, კუიუშუს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნების უმაღლესი სკოლისა და საგას უნივერსიტეტის ხელოვნებისა და რეგიონული დიზაინის ფაკულტეტის მიწვეული პროფესორი.
არიტას რეგიონში კერამიკის წარმოება პოპულარული გახდა იზუმიამაში ფაიფურის თეთრი თიხის აღმოჩენის შემდეგ 1616 წელს.  1640 წელს საკაიდა კაკიემონმა (პირველი თაობა) წითელი საღებავით შექმნა მარტივი, ასიმეტრიული დიზაინი რძისფერ-თეთრ ზედაპირზე, რასაც შემდგომ „კაკიემონი“ ეწოდა და რაც იაპონიაში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ნაკეთობას წარმოადგენს. კაკიემონი ცნობილია, როგორც მინანქრის საღებავებით ფაიფურის მოხატვის საიდუმლოების ერთ-ერთი  პირველაღმომჩენი და მას მერე ამ ახალი ტექნიკით შესრულებულ ახალ-ახალ ნიმუშევართა ავტორი. ადრეული კაკიემონი ჩინეთის მინის დინასტიის ხელოვნების გავლენას განიცდიდა, თუმცა თანდათანობით კაკიემონის უნიკალური სტილი და ფორმები სილამაზის ტრადიციულ იაპონურ აღქმას დაეფუძნა.
ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანიის მეშვეობით XVII საუკუნის ბოლოდან კაკიემონის ფაიფური ფართოდ გარვცელდა ევროპაში და თავისი წითელი ფერითა და უნიკალური დიზაინით აღაფრთოვანა ევროპელები. XVIII საუკუნის დასაწყისში მინანქრის მრავალი ევროპელი ოსტატი ცდილობდა, თავიანთ ღუმელებში კაკიემონის წითელი ფერი მიეღო და მისი დიზაინისთვის მიებაძა. კაკიემონის ფაიფურმა დიდი გავლენა იქონია მეისენის (აღმოსავლეთ გერმანია), დელფტის (დასავლეთ ჰოლანდია) და შანტილის (ჩრდილოეთ საფრანგეთი) ფაიფურის ცნობილ საწარმოებზე. ეკაკიემონის ვროპულ ნიმუშებს დღემდე შეიძლება შევხვდეთ.
პირველი თაობიდან მოყოლებული, 370 წლის მანძილზე, კაკიემონს არასდროს შეუწყვეტია სილამაზისა და ინოვაციური ხერხების ძიება. კაკიემონის გვარის XV თავკაცი ამაყობს იმით, რომ თავის ნამუშევრებს საქართველოში წარადგენს.


ნაოკო მაცუდაირას პროფილი
ნაოკო მაცუდაირა დაიბადა 1944 წელს ჰიოგოს პრეფექტურაში. იგი იაპონური ჩაის ცერემონიის „ურა სენკეს“ სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი მეუღლე – ჰიდეჰისა მაცუდაირა არის XIII თავკაცი სამურაების ერთ-ერთი უძველესი იაპონური კლანის, მაცუდაირას კლანისა, რომელიც ტოკუგავა მიტოს ოჯახის გავლენიანი შტოა.
იაპონური ჩაის ცერემონია დაფხვნილი მწვანე ჩაით გამასპინძლების ტრადიციული ფორმაა. ჩაის სმის რიტუალი თავდაპირველად ჩინეთიდან შემოვიდა XI-XII საუკუნეებში და ნელნელა გავრცელდა და გაფართოვდა ბუდისტურ ინსტიტუციებში, მებრძოლ სამურაებსა თუ ვაჭართა შორის. განსაკუთრებით დაიხვეწა ჩაის ოსტატის „სენ ნო რიკიუ“-ს დროს XVI საუკუნეში.
ჩაის ცერემონიის დროს მასპინძელი განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ოთახის მომზადებას, მომიჯნავე ბაღს, ჩაის ცერემონიის ინსტრუმენტებს, მარტივი კერძსა თუ ტკბილეულს. ჩაის ცერემონიიდან მოდის ცნობილი გამოთქმა „იჩი-გო იჩი-ე“, რაც ნიშნავს ადამიანთა შეხვედრის დაფასების კულტურულ კონცეფციას, რაც გულისხმობს „მხოლოდ ამ ერთ შეხვედრას“, რომელიც „მეტი აღარასოდეს“ განმეორდება და არის „ერთადერთი შანსი ცხოვრებაში“.  
ჩაის ცერემონია გამორჩეულია ხელოვნების ყველა სხვა ფორმისგან, რადგანაც მან ყოველდღიური ჩაის სმა ხელოვნების დონეზე აღამაღლა და მშვენიერების ფორმად აქცია.
„ურა სენკე“ წარმოადგენს „სენ ნო რიკიუს“ ერთ-ერთ განშტოებას და დღეისათვის ჩაის ცერემონიის ყველაზე დიდ სკოლას ფლობს იაპონიაში.


კოშუს  (აკემი ლუკას) პროფილი
აკემი ლუკასი იამაგუჩის პრეფექტურის ქალაქ მიტოში დაიბადა. კალიგრაფის გზას 8 წლის ასაკში დაადგა, მაშინ როდესაც დედამ კალიგრაფიის სკოლაში მიიყვანა ხელწერის გასაუმჯობესებლად, რომელიც მარცხენა თვალში მხედველობის დაკარგვის გამო გაუუარესდა. სწავლობდა ოსტატ სეიძან ფუჯიმოტოსთან, რომლის მემკვიდრეობითი ხაზს მეიჯის ეპოქის ცნობილ კალიგრაფ მეიკაკუ კუსაკაბემდე მივყავართ. 16 წლისა  შეუდგა ბ-ნ გოსეკი ნიშივაკის სტილს შესწავლას ტოკიოს ბუნკა კალიგრაფიის ასოციაციის მეშვეობით, დროთა განმავლობაში კი სხვა ცნობილ ოსტატთა სხვადასხვაგვარი სტილი აითვისა.
24 წლისამ კალიგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია მიიღო. მისმა ოსტატმა და მასწავლებელმა სეიძანმა კი მას მიანიჭა სახელი „კოშუ“. მომდევნო წელს დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც იგი ინგლისურს სწავლობდა, გახსნა საკუთარ სკოლას, სადაც ასწავლიდა კალიგრაფიას და ინგლისურს. იმავე ხანებში მოეწყო მისი პირველი პერსონალური გამოფენა იაპონიაში. იგი აგრძელებს სუმის მხატვრობის, ტვიფვრის ოსტატობის, გრაგნილების ხელოვნების შესწავლას და დამწერლობის კვალიფიცირებული ოსტატი ხდება. ინტენსიური ვარჯიშის შედეგად მან შეიმუშავა წერის მისეული, უნიკალური ტექნიკა „ჰაკუფუ“ (სამ განზომილებიანი დამწერლობა) და თავისი ცხოვრების გზა სულიერებით სავსე მონასმებით გადაშალა მხილველთა თვალწინ. მან მის ბოლო ამოსუნთქვამდე უერთგულა სეიძანს და კვლავაც  მისდევს მის დანაბარებს – არასოდეს უგულვებელყოს დამწყების თვალსაზრისი.
2001 წელს აკემი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა და თავიდან ჩამოაყალიბა კალიგრაფიის კურსები სახელწოდებით „კოშუ – იაპონური ხელოვნება“. როგორც მასწავლებელი, ის ცდილობს წარმოაჩინოს თითოეული სტუდენტის ინდივიდუალობა მათ შემოქმედებაში. ამჟამად სტუდენტებს ასწავლის ტოკიოს ბუნკა კალიგრაფიის ასოციაციის მიერ შემოღებული კლასიფიკაციის მიხედვით, და მის სტუდენტებს შორის 7 კალიგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაციის მფლობელია, 5-ს კი დანი აქვს მინიჭებული ფუნჯით და კალმით წერაში. რამდენჯერმე მოაწყო სტუდენტთა გამოფენებიც მათი ნამუშევრების სადემინსტრაციოდ.
კოშუმ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 2013 წელს ლონდონში გამართული მისი პერსონალური გამოფენით, რომელიც დაემთხვა მისი წიგნის „სიყვარული და ხელოვნება“ გამოცემას.  სწორედ ამ წიგნით ხელმძღვანელობს იგი მრავალ ვორკშოპს კალიგრაფიაში, სუმის მხატვრობაში და ტვიფვრის ხელოვნებაში. 2015-16 წლებში მიწვეული იყო ოქსფორდში ღონისძიებაზე “Art in Action”, სადაც ჰქონდა გამოფენა და კალიგრაფიის საჩვენებელი წარმოიდგენები. 2016 წლის ოქტომბერში პერსონალური გამოფენით მიიწვიეს იაპონიაში ბრიტანეთის საკონსულოს 110-ე წლისთავზე, საიუბილეო ღონისძიებაზე, სადაც წარადგინეს როგორც ბრიტანეთში მცხოვრები იაპონელი ხელოვანი. გამოფენას „ყვავილის გული“ ეწოდებოდა მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევრის მიხედვით, რომელზეც ლოტოსის ყვავილობაა გამოსახული. ამ გამოფენის წყალობით კოშუ ბევრჯერ წარსდგა იაპონელი ტელემაყურებლის წინაშე და კიდევ უფრო დაუახლოვდა მშობლიურ ფესვებს. 2017 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე კოშუს ნამუშევრები გამოფენილი იყო სან-ფრანცისკოს საჯარო ბიბლიოთეკაში ღონისძიებაზე „კალიგრაფები საუბრობენ“ სადაც საჩვენებელი წარმოდგენებიც გამართა. წელს მიწვეული იყო ქალაქ კენტში ჰანამის დღესასწაულზე, იაპონელი ფარმაცევტების სემინარზე ბერკშაირში, ქოუდენის იაპონურ ბაღში შოტლანდიაში და ვილ ადამსის ფესტივალზე კენტში. კოშუ მუშაობს კომერციულ შეკვეთებზეც – მათ შორის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ახლად შექმნილი ჯინის „კოკოროს“ ეტიკეტი, რომელმაც 2018 წლის დიზაინის კონკურსში ოქროს მედალი მიიღო.