ქართული სასწავლებლის დირექტორი, ქ-ნი ეთერ სვანიძე ოქროს სხივებითა და ვარდით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენით დაჯილდოვდა

2025/4/29
2025 წლის 29 აპრილს იაპონიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქ-ნ ეთერ სვანიძეს მიენიჭა ოქროს სხივებითა და ვარდით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენი, იაპონური ენის განათლების განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისა და იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობისთვის. ორდენს იაპონიის იმპერატორი ანიჭებს. 

ქართული სასწავლებლის დაარსების დღიდან — 1995 წლიდან — ქალბატონი ეთერ სვანიძე, როგორც სკოლის დირექტორი, აქტიურად ეწევა იაპონური ენის სწავლებასა და იაპონური კულტურის პოპულარიზაციას მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის, რაც ხელს უწყობს იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას. 2022 წელს, იაპონური ენის განათლებაში შეტანილი წვლილისთვის, სკოლას იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიგელი გადაეცა. წელს სკოლაში აღინიშნება იაპონური ენის სწავლების 30 წლის იუბილე. 

29 აპრილს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, ვიდეოზარის საშუალებით მიულოცა ქალბატონ ეთერ სვანიძეს და ხაზი გაუსვა მის ხანგრძლივ და ერთგულ საქმიანობას კულტურული გაცვლისა და განათლების სფეროში. 

ამომავალი მზის ორდენი დაარსდა 1875 წელს და წარმოადგენს იაპონიის მთავრობის მიერ მინიჭებულ პირველ ეროვნულ ჯილდოს. ორდენის დიზაინი მოიცავს ამომავალი მზისგან გამომავალ სხივებს და მას თან ერთვის დეკორატიული ელემენტი, რომელიც პავლოვნიის ყვავილისა და ფოთლის ფორმით არის შესრულებული. ამ ჯილდოს იღებენ ის პიროვნებები, რომლებიც განსაკუთრებულად ემსახურებიან სახელმწიფოს ან საზოგადოებას, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იაპონიასა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში.