საქართველოს იაპონიაში კურსდამთავრებულთა ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა

2025/12/22
20 დეკემბერს, საქართველოში იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობით, “საქართველოს იაპონიაში კურსდამთავრებულთა ასოციაციის” ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. 

 
იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ასობით საქართველოს მოქალაქემ მიიღო განათლება ან გაიარა ტრენინგი იაპონიაში სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, მათ შორის: იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის, იაპონიის ფონდისა და MIRAI-ს პროგრამების საშუალებით. ასოციაცია დაარსდა 2011 წელს იმ მიზნით, რომ ყოფილ სტუდენტებსა და ტრენინგის მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა გაუზიარონ ერთმანეთს იაპონიაში სწავლის პერიოდში მიღებული ცოდნა და გამოცდილება და რომ ხელი შეუწყოს მათ შორის ადამიანური კავშირების განვითარებას. დღესდღეისობით ასოციაცია აერთიანებს 175 წევრს. 

ღონისძიებას დაესწრო 50-მდე კურსდამთავრებული, რომელთაც ასოციაციის სამომავლო განვითარების მიმართულებებსა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ გამართეს კონსტრუქციული დისკუსია. ამასთან, აღნიშნულმა შეხვედრამ შექმნა მნიშვნელოვანი პლატფორმა პროფესიული და პირადი კავშირების გასამყარებლად, მეგობრულ და თანამშრომლობით გარემოში გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარების საშუალებით.