GGP – ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის შესახებ

2024/4/18
საგრანტო პროგრამის შესახებ: ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა – (GGP):
​ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა (GGP) წარმოადგენს საქართველოში იაპონიის საელჩოს ერთ–ერთ საგრანტო სქემას, რომლის ამოცანაა ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას ადამიანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებაში. დაფინანსება მოიცავს მათ შორის, პროექტებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის გადარჩენის, სიცოცხლის, ადამიანის ღირსების დაცვისკენ. ასევე, დაფინანსება მოიცავს ქმედებებს, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანებისა და ადგილობრივი თემის შესაძლებლობების განვითარებაზე.

საქართველოში მუშაობის 25 წლის განმავლობაში, 1998–2023 წლებში, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში იაპონიის საელჩომ დააფინანსა 200-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 20 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული პროექტებით განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, მუნიციპალიტეტებში განახლდა ნარჩენების მანქანები, სახანძრო მანქანები და სხვა მძიმე ტექნიკა, ათასობით ჰექტარი გაიწმინდა ომის ფეთქებადი ნარჩენებისგან, აშენდა და აღიჭურვა ათობით სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ცენტრი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. აღნიშნული მიმართულებები წარმოადგენენ წარსულში დაფინანსებულ პროექტებს, საგრანტო პროგრამის ფარგლები შესაძლოა ბევრ სხვა თემას თუ სექტორს მოიცავდეს.

საგრანტო პროგრამის პრიორიტეტები და ამოცანები:

მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამა:
როგორც იაპონელი ხალხის კეთილი ნების გამომხატველი, იაპონიის საელჩო მიისწრაფვის, მხარი დაუჭიროს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც ყველაზე პრობლემურად აღიქმება სთავად საქართველოს მოსახლეობის მიერ. სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების უმრავლესობა ასახავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემებს ყველაზე მწვავე ეროვნულ გამოწვევებად, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან ერთად. შესაბამისად, ადამიანის უსაფრთხოების (GGP) პროგრამის მეშვეობით, საელჩო უპირატესობას ანიჭებს სწორედ ისეთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია აღნიშნული პრობლემების ეფექტურ და ეფექტიან გადაჭრაზე.

ახალ შესაძლებლობებზე დაშენება:
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერით, საქართველომ მოიპოვა წვდომა ეკონომიკური განვითარების უფრო მეტ შესაძლებლობებზე – ევროკავშირის ბაზარზე. ამ შესაძლებლობის სრულად ათვისება, თავის მხრივ, დამოკიდებულია საქართველოში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სისტემაზე, რამაც უნდა მისცეს შესაძლებლობა მწარმოებლებს, აწარმოონ და გაყიდონ პროდუქცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ევროკავშირის ბაზარზე. ადამიანის უსაფრთხოების (GGP) პროგრამა მიისწრაფვის, ხელი შეუწყოს ასეთ საკვანძო ინფრასტრუქტურას, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.

გამაძლიერებელი ეფექტი: შეზღუდული რესურსის ყველაზე ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენების სტრატეგია
ისევე, როგორც ყველა სხვა რესურსი – ადამიანის უსაფრთხოების (GGP) საგრანტო პროგრამის რესურსიც მწირია, რაც იწვევს აუცილებლობას, რომ საპროექტო განმცხადებლებმა შეიმუშაონ სტრატეგია, რომ გრანტის ათვისება მოხდეს მაქსიმალურად შედეგიანად და ეფექტიანად. ამდენად, საელჩო ეძებს ისეთ პროექტებს, სადაც მრავლად არის წარმოდგენილი გამაძლიერებელი მექანიზმები, რათა მინიმალური რესურსის გამოყენებით, შეიქმნას ძლიერი შესაძლებლობები.
ადამიანის უსაფრთხოების (GGP) საგრანტო პროგრამის წარმატებულ მაგალითებს მიეკუთვნება, მაგალითად, სარწყავი სისტემის შექმნა, რამაც სარგებელი ათასობით მოსახლეს მოუტანა (მათ მიეცათ პროდუქციის მოცულობის გაზრდის შესაძლებლობა); წვრილფეხა საქონლის მეურნეობის მშენებლობა, რამაც სარგებელი ასობით მცირე მეწარმეს მოუტანა და შექმნა შემოსავლის წყარო ადგილობრივი ოჯახებისთვის.

მთავარი ინფორმაცია საგრანტო პროგრამის შესახებ:

 
გრანტის მოცულობა: დაახლოებით 70,000 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 წელი

როგორი სახის საქმიანობა დაფინანსდება?
• შენობის აშენება/რეაბილიტაცია
• მსხვილი ტექნიკის შეძენა
არ ფინანსდება:
• ხელფასები
• დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)
• მიმდინარე ხარჯები (კომუნალური, ადმინისტრაციული, და ა.შ.)
• ერთჯერადი საქმიანობა (მაგ. ტრენინგები, და ა.შ.)

ვის შეუძლია შემოიტანოს განაცხადი?
  • ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობები (მერია);
გამონაკლის შემთხვევებში:
  • საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულები;
  • სამთავრობო დაწესებულებები (სსიპ);
 
საპროექტო განაცხადების წარდგენა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინოთ ელექტრონულად ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები. გთხოვთ გაითვალისწინოთ – მაღალი კონკურენციის პირობებში, ადრე მიღებულ პროექტებს გამარჯვების მეტი შესაძლებლობა აქვთ:

საბუთების სია, რომელიც უნდა წარადგინოთ კონკურსში მონაწილეობისთვის:

1. სავალდებულო: მხოლოდ ის პროექტები იქნება განხილული, რომლებიც სრულყოფილად წარადგენენ საპროექტო განაცხადს
1.1 GGP სააპლიკაციო ფორმა;
1.2 ფინანსური ისტორია (ბოლო 2 წლის მოგება–ზარალის ფორმა);
1.3 საჯარო რეესტრის ამონაწერი;
1.4 შემოსავლების სამსახურის ამონაწერი;
1.6 პროექტის ადგილმდებარეობის ფოტოები;
1.7 შენობის/დანადგარების ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა (არსებობის შემთხვევაში).

 2. დამატებითი: იდეალურ პირობებში, ყველა დამატებითი საბუთიც უნდა წარადგინოთ ძირითად საბუთებთან ერთად. თუმცა, ამ საბუთების წარმოდგენა შემდგომ ეტაპზეც შეიძლება თუ თქვენი პროექტი წინასწარი შერჩევის საფეხურს გადალახავს: 

2.1 გარანტიის წერილი (თანადაფინანსების, მდგრადობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების);
2.2 მშენებლობის სქემატური ნახაზი/გეგმა;
2.3 ფინანსური მართვის და შესყიდვების წესი;
2.4 ორგანიზაციის წესების მოკლე აღწერა, თუ როგორ იქნება უზრუნველყოფილი რომ თავიდან აირიდოთ კორუფცია, უზრუნველყოთ მაღალი ხარისხი, როგორია თქვენი რისკების მართვის გეგმა და შესყიდვების მკაფიო პროცედურები;
2.5 მონიტორინგის გეგმა (განრიგი+ლოგიკური ჩარჩო საელჩოს მხრიდან მონიტორინგისთვის);
2.6  შესაძენი ტექნიკის აღწერა, წინასწარი საბაზრო მოკვლევა (მინიმუმ 3 ფასის შედარება); 
2.7  რეკომენდაციები/მხარდაჭერის წერილები;
2.8  ბოლო 2 წლის აუდიტის დასკვნები;
2.9  თუ პროექტი ითვალისწინებს თანადაფინანსებას, თანადამფინანსებლის ფინანსური ისტორია (ბოლო 2 წლის);
2.10 თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, მისი დეტალური ჩაშლა;
2.11 თანამშრომლობის მარეგულირებელი საბუთები (მემორანდუმი, შეთანხმება, და ა.შ.);
2.12 წინა დონორებისა და პარტნიორების საკონტაქტო ცხრილი;
2.13 კვლევების ბმულები ინტერნეტში, და მოკლე აღწერა, თუ პროექტის რომელ ნაწილს ადასტურებს აღნიშნული კვლევა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი პროექტის დასაბუთებისთვის;
2.14 ორგანიზაციის რეგისტრაციის და მარეგულირებელი საბუთები (წესდება, ეთიკის კოდექსი და სხვა);
2.15 სხვა დამატებითი საბუთები (ფოტო, ვიდეო მასალა, ინტერვიუები, და ა.შ.).


კითხვები და კონსულტაცია:
საგრანტო პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საელჩოს ფეისბუკ ან ვებ–გვერდზე. ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ კითხვებით: grassroot2@tb.mofa.go.jp , სადაც უნდა მოგვწეროთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ მოკლე ინფორმაცია, მისი გამოცდილება, საკონტაქტო პირი, ვებ–გვერდი და თქვენთვის საინტერესო პროექტის სფერო/სექტორი. ამის შემდეგ, თქვენ დარეგისტრირდებით განახლებად საკონტაქტო ბაზაში და მიიღებთ ინფორმაციას საკონსულტაციო შეხვედრებისა და საგრანტო პროგრამის შესახებ.



წარსულში დაფინანსებული პროექტები
საქართველოში მუშაობის 25 წლის განმავლობაში, 1998–2023 წლებში, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში იაპონიის საელჩომ დააფინანსა დააფინანსა 200-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 20 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული პროექტებით განვითარდა სასოფლო–სამეურნეო ინფრასტრუქტურა, რამაც შეამცირა სიღარიბე სხვადასხვა სოფელში; ათასობით ჰექტარი გაიწმინდა ომის ფეთქებადი ნარჩენებისგან, რითაც დაცული იქნა ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლე; ათობით სკოლა, საბავშვო ბაღი და საავადმყოფო აშენდა და აღიჭურვა – რითაც საბაზისო მომსახურების გაწევის შესაძლებლობა გაჩნდა ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის. აღნიშნული მიმართულებები წარმოადგენენ წარსულში დაფინანსებულ პროექტებს, საგრანტო პროგრამის ფარგლები შესაძლოა ბევრ სხვა თემას თუ სექტორს მოიცავდეს.


1998-2023 წლებში იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტები, სექტორის მიხედვით:



ხშირად დასმული კითხვები:

არ ვაკმაყოფილებთ კრიტერიუმს, მაგრამ გვაქვს ძალიან კარგი საპროექტო იდეარა ვქნათ
განსაკუთრებით ღირებულია ექსპერტიზა, ცოდნა და ის დამატებითი ღირებულება, რასაც თითოეული პარტნიორი მატებს პროექტს. თუმცა, მნიშვნელოვანია განმცხადებელმა წარმოაჩინოს პროექტის მართვისა და ფინანსური მენეჯმენტის საკმაო უნარი და გამოცდილება. მიუხედავად, ექსპერტებს, პროფესიონალებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს, ვინც უშუალოდ ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში სხვა ორგანიზაციასთან კოალიციაში. მივესალმებით კოალიციურ პროექტებს, სადაც სფეროს ექსპერტები სთავაზობენ მხარდაჭერას მართვის გამოცდილების მქონე წარმდგენ ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსურ მართვას და მენეჯმენტს აიღებენ საკუთარ თავზე.

სავალდებულოა თუ არა ტექნიკური სამშენებლო გეგმის წინასწარ მომზადება
პროგრამაში კონკურსი ძალიან მაღალია, ამიტომ, თუ თქვენი პროექტი არ გაიმარჯვებს, გამოვა, რომ თქვენი ორგანიზაციის მიერ გაწეული ხარჯი ( სამშენებლო გეგმის მოსამზადებლად) დაკარგული აღმოჩნდება. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა განმცხადებელს – რაც შეიძლება დეტალური გეგმა წარმოადგინონ საკუთარი ძალებით, რომ უფრო კონკურენტულები იყვნენ; თუმცა ამავდროულად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაღალია რისკი, თუ ამ გეგმის შესადგენად გარეშე პირს გადაუხდით თანხას – თანხა დაკარგული აღმოჩნდეს.

სავალდებულოა თუ არა, ჩავატაროთ შესყიდვის კონკურსი/ბიდინგი, საგრანტო განაცხადის წარდგენამდე
რომ წარმოაჩინოთ, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი დასაბუთებულია და ეფუძნება რეალურ, საბაზრო გათვლებს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი ან კორუფციის რისკი, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონკურენცია სერვისების/პროდუქციის მიმწოდებლის შერჩევისას. შესაბამისად, ნებისმიერი საბიუჯეტო გათვლები უნდა ეფუძნებოდეს რეალურ ფასებს – რაც შეიძლება გამოავლინოთ სხვადასხვა წყაროდან – უმეტეს შემთხვევაში, ე.წ. ფასთა მოკვლევის/შედარების გამოყენებით ( სამი სხვადასხვა მიმწოდებლის ფასის შედარება) საკმარისი არის ხოლმე.

შეიძლება თუ არა, პროექტში მოვიცვათ ტრენინგების და სხვა დამატებითი ხარჯები
პროგრამის ამოცანაა მაქსიმალურად მნიშვნელოვანი და მდგრადი პროექტების მხარდაჭერა. ამიტომ, პრიორიტეტი ენიჭება ისეთ საქმიანობას, რაც პასუხობს „10–წლიანი მდგრადობის ტესტს“; უმრავლეს შემთხვევაში, ეს გამორიცხავს მოკლევადიან ტრენინგებს ან სხვა ერთჯერად საქმიანობას. საგრანტო პროგრამით შეიძლება დაფინანსდეს ტრენინგი ან სხვა „რბილი“ კომპონენტი (მაგ. ტრანსპორტირება), იმ შემთხვევაში, თუ ის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტის დამხმარე ნაწილია (მაგალითად, თუ პროექტი ეხება ინოვაციური სარწყავი სისტემის აწყობას, შესაძლოა ტრენინგი იყოს საჭირო მის გამოყენებაზე და ტრანსპორტირება, რათა მოხდეს მილების მიტანა საჭირო ადგილამდე).

ვერ მოვასწარი განაცხადის შემოტანა საბოლოო ვადამდე. როდის შემიძლია შემოვიტანო განაცხადი შემდგომში
განაცხადები მიიღება მთელი წლის განმავლობაში. თუმცა, განმცხადებლებს ვურჩევთ იმ ვადებს, რომლებიც განსაზღვრულია საელჩოს მიერ.

როდის მივიღებთ პასუხს საბოლოო შედეგების შესახებ
საბოლოო შედეგები ცნობილია ზამთრის ბოლოს (ყველაზე ადრე) ან გაზაფხულის დასაწყისში. წინასწარი შედეგები და პროექტების შესწავლის პროცესი უკვე ცნობილია ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში.

რატომ აფინანსებს იაპონიის საელჩო საქართველოს
მიისწრაფვის მხარი დაუჭიროს საქართველოსა და 100 სხვა განვითარებად ქვეყანას და განავითაროს ორმხრივი ურთიერთობა სხვადასხვა სფეროში. იაპონელი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესია, დაეხმაროს სწორედ იმ ადამიანებს, ვინც საფრთხეშია – მათ შორის, ეკონომიკურ საფრთხეში.


2024 წლის ფისკალური წელს განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2024 წლის 30 ივნისი, 18:00 საათამდე. პროექტის წარდგენის მსურველებს ვთხოვთ, რაც შეიძლება ადრე მოგვაწოდონ საპროექტო წინადადებები შემდეგ მისამართზე: grassroot2@tb.mofa.go.jp
, რათა საგრანტო სექციას ჰქონდეს დრო მოგაწოდოთ უკუგება და რჩევები აპლიკაციის გასაუმჯობესებლად.


შესავსები ფორმებია:
სააპლიკაციო ფორმა
სააპლიკაციო ფორმის ინსტრუქცია ქართულად
სააპლიკაციო ფორმის ინსტრუქცია ინგლისურად
ფინანსური ფორმა




დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საელჩოს საგრანტო სექციას:
საგრანტო კონსულტანტი
იაპონიის საელჩო საქართველოში
ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, თბილისი, საქართველო

grassroot2@tb.mofa.go.jp